ბელორუსში რუსული სამხედრო ბაზა საჭირო არაა – ლუკაშენკო

ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს, მისი თქმით, ბელორუსს შეუძლია თავისი უსაფრთხოება საკუთარი ძალებით უზრუნველყოს.

ბელორუსის ლიდერმა აღნიშნულ თემაზე ამერიკელი ანალიტიკოსების ჯგუფთან შეხვედრისას ისაუბრა. ლუკაშენკოს თქმით, ის ბელორუსში რუსული სამხედრო-საჰაერო ბაზის განთავსების კატეგორიული წინააღმდეგია:

„თუ აუცილებელი იქნება, რუსეთიდან ნებისმიერი თვითმფრინავის გადმოფრენას 3-5 წუთი სჭირდება, მაშინ რა საჭიროა ბაზა, რატომ უნდა მოვექცეთ შესაძლო აგრესორის დარტყმის ქვეშ.“- განაცხადა ლუკაშენკომ.

ამჟამად ბელორუსის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ორი რუსული სამხედრო ბაზა: რადიოლოკაციური სადგური „ვოლგა“, რომელიც სარაკეტო თავდასხმის გაფრთხილების სისტემაში შედის და რუსეთის სამხედრო საზღვაო ძალების 43-ე კომუნიკაციის ცენტრი.

ადრე მედიამ არაერთხელ დაწერა ბელორუსში რუსეთის საჰაერო ბაზის შესაძლო შექმნის შესახებ, მოგვანებით ორივე მხრიდან იყო განცხადებები, რომ ამ თემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს,

მაისში პოლონეთმა შესთავაზა აშშ-ს, რომ მის ტერიტორიაზე განეთავსებინა მუდმივი ჯავშანსატანკო დივიზია და მზადყოფნა გამოთქვა, რომ ამისთვის 2 მილიარდ დოლარს გამოყოფდა.

4 ნოემბერს ლუკაშენკომ მოუწოდა ოფიციალურ ვარშავას რომ ამ ნაბიჯისგან თავი შეეკავებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მინსკი და მოსკოვი იძულებული იქნებოდნენ, რეაგირება მოეხდინათ.

ის რაც ამ კვირაში გამოგრჩათ